„დილამ“ კონკურენტი „ჩიხურა“ დააქვეითა
„დილამ“ კონკურენტი „ჩიხურა“ დააქვეითა

გორის „დილამ“ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში გასვლითი მატჩი მოიგო და მესამე ადგილზე დაწინაურდა. გიორგი დარასელიას გუნდი ივანწმინდაში ერთ-ერთ ლიდერსა და კონკურენტს, საჩერეს „ჩიხურას“ ესტუმრა და დამაჯერებლად აჯობა.

„დილას“ წარმატებაში მთავარი როლი ლეგიონერებმა, უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა და ბრაზილიელმა ლეანდრო რიბეირომ შეასრულეს: გორელებმა 3:0 მოიგეს და სამივე გოლი და საგოლე გადაცემა ამ წყვილის ანგარიშზეა.

სტუმრები 38-ე წუთზე კოვტალიუკმა რიბეიროს გადაცემის შემდეგ დააწინაურა. 52-ე წუთზე მათ როლები გაცვალეს – ამჯერად თავი ბრაზილიელმა გამოიჩინა 0:2.

საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე კოვტალიუკმა დააფიქსირა, რომელმაც ამჯერადაც რიბეიროს პასით ისარგებლა 0:3.

„დილამ“ 20 ქულა დააგროვა, „ჩიხურას“ ერთი ქულით გაასწრო და სამეულში მისი ადგილი დაიკავა.