„დილამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერია #1TVSPORT
„დილამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში გორის „დილამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ცხრა ფეხბურთელით დარჩენილი ვიცე-ჩემპიონი 2:1 დაამარცხა.

„დინამო თბილისმა“ გათამაშების ლიდერთან მატჩი კარგად დაიწყო და მე-5 წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ დაწინაურდა – მცველებს ნიკა უგრეხელიძემ დაასწრო და თბილისელები წინ გაიყვანა.

გორელებმა ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრეს. 48-ე წუთზე, „დილას“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ჟოაო ნობრეგამ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და ძლიერად დაარტყა – გიორგი ლორიამ რეაგირება მოახერხა, მაგრამ კარის წინ ბურთი უცნაურად ახტა და კარში შევარდა.

55-ე წუთზე „დინამო“ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა – თბილისელთა კაპიტანმა ალექსანდრე კალანდაძემ გორელების თავდამსხმელი შოთა შეყილაძე წესის დარღვევით შეაჩერა, მთავარმა არბიტრმა კი სწრაფი შეტევის შეჩერებისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. 82-ე წუთზე „დინამო“ ცხრა ფეხბურთელით დარჩა – მეტოქესთან უხეშობისთვის ნიგერიელი მცველი ჯოშუა აკპუჯე გააძევეს.

გორის „დილამ“ რიცხვობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა. 90+3-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ზურაბ რუხაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც იბრაჰიმა დრამემ მცველებს დაასწრო და მასპინძლებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 2:1.

გორის „დილა“ 34 ქულით პირველი ადგილზეა და თბილისის „იბერიას“ უკვე ხუთი ქულით გადაასწრო (თბილისელები მიმდინარე ტურის მატჩს 19 მაისს ბათუმში „დინამოს“ წინააღმდეგ ჩაატარებენ), ხოლო „დინამო თბილისმა“ (18), წაგების მიუხედავად, მეხუთე პოზიცია შეინარჩუნა.