დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის რეაბილიტაციას 2 მლნ ლარი მოხმარდება.

„იცით, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მერიამ აქტიურად დაიწყო გზების ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

დღეიდან ჩვენ დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ.

ეს არის დაახლოებით 2 მლნ ლარის მომსახურების სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს საკომუნიკაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობას. სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი.

სარეაბილიტაციო პროცესი სექტემბრამდე გასტანს და ამავე პერიოდამდე შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სქემაც, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეუქმნათ და სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხება არ მოხდეს.

მინდა, დავავალო მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომ მაქსიმალური ყურადღებით და რაც შეიძლება სწრაფად იყოს შესრულებული სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.