დიღმის სამმართველოში ვერის ბაღში გამართული აქციის მონაწილე პირთა ნაწილის გამოკითხვა დასრულდა
დიღმის სამმართველოში ვერის ბაღში გამართული აქციის მონაწილე პირთა ნაწილის გამოკითხვა დასრულდა

უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ვერის ბაღში გამართული აქციის მონაწილე პირთა ნაწილის გამოკითხვა დასრულდა. დიღმის სამმართველო ყველა პირმა დატოვა.

გამოკითხვები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს სამი პირი გამოიკითხა.

სამმართველოში გვიან საღამოს მივიდა კიდევ ხუთი პირი, თუმცა ვინაიდან 22:00 საათის შემდეგ გამოკითხვის ჩატარება კანონმდებლობით შეზღუდულია, მათ პოლიციის სამმართველო მალევე დატოვეს.

დიღმის სამმართველოში მისული ორი პირის, მერაბ როდონაიასა და ჯაბა მუსელიანის ადვოკატის, დავით ცინცქივაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები 18 ივნისს, 15:00 საათზე გამოიკითხებიან. სავარაუდოდ, ხვალვე გამოიკითხებიან დანარჩენი პიროვებიც.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოსაკითხად დაბარებულია ჯამში 30 ადამიანი.

უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გუშინ, ვერის ბაღში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

„ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული“,- განაცხადა ვასაძემ.

ამასთან, ვასაძემ პოლიციელებს მიმართა – „რაც გააკეთეთ კანცელარიასთან, აღარ გამოგივათ, არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ“.