დიღმის სამმართველოში ვერის ბაღში აქციის მონაწილე კიდევ ხუთი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს
დიღმის სამმართველოში ვერის ბაღში აქციის მონაწილე კიდევ ხუთი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ვერის ბაღში გამართული აქციის კიდევ ხუთი მონაწილე გამოცხადდა გამოკითხვაზე.

გამოკითხვაზე შესვლამდე, კომენტარი გააკეთა მერაბ როდონაიასა და ჯაბა მუსელიანის ადვოკატმა დავით ცინცქივაძემ.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და არ იციან, რატომ დაიბარეს.

„რამდენიმე საათის წინ გამომძიებელმა გვთხოვა, გამოკითხვის მიზნით მოვსულიყავით. ჩემს კითხვებზე, რომელ სისხლის სამართლის საქმეზე ვართ დაბარებული, ამას შესვლის შემდეგ გავიგებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან უდანაშაულოები, ისინი გაკვირვებულები არიან, თუ რატომ დაიბარეს. ჩემი ინტუიციით, ეს დაბარება დაკავშირებულია თითქოსდა რაღაც ფორმირების შექმნასთან. საერთო სახალხო მოძრაობის წევრები არიან ეს ადამიანები, გულანთებული ქართველები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს ლგბტ აქცია, რასაც მეც ვეთანხმები. ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი და ჩაეწერნენ მოხალისეებად“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ცინცქივაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოსაკითხად დაბარებულია ჯამში 30 ადამიანი. მისივე თქმით, ნაწილს სხვა დღეებში გამოკითხავენ.

დიღმის სამმართველოში ამ დროისთვის სულ რვა პირი იმყოფება გამოკითხვაზე.