დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებელთა ნაწილს სასტუმროში გადაიყვანენ
დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებელთა ნაწილს სასტუმროში გადაიყვანენ

დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებელთა ნაწილს სასტუმროში გადაიყვანენ.

როგორც ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა, კორპუსს მოსახლეობის ნაწილი დატოვებს, რომელთა ბინებიც დაზიანებულია ან საფრთხის ზონაშია.

„მესამე სადარბაზოს მარჯვენა მხარეს ხუთივე სართულზე და მეოთხე სადარბაზოს მარცხენა მხარეს არც ერთ სახლში დღეს მოქალაქეები ღამეს არ გაათენებენ. ამათი აღრიცხვა მიმდინარეობს უბნის სამსახურის შენობაში. მათ, ვისაც აქვს წასასვლელი, წავლენ ახლობლებთან, ვისაც არ აქვს წასასვლელი – გადავიყვანთ სასტუმროში“, – აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა, რომლის თქმით, სულ საუბარია 15-20 ოჯახზე.

დიდუბის გამგებლის განმარტებით, უახლოეს დღეებში ოჯახები უკვე ქირით გადავლენ, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გადაუხდის.

„15-20 ოჯახიდან, რომელ ოჯახსაც არ ექნება წასასვლელი, იმას მე მივხედავ, ანუ გავიყვან ქირით. ვისაც ექნება საშუალება, ის წავა ახლობლებთან. რა თქმა უნდა, ბინის ქირის უზრუნველყოფას აუცილებლად გავაკეთებთ. პარალელურ რეჟიმში მერი და მერის მოადგილეები 10-წუთიანი ინტერვალით იღებენ ინფორმაციას, როგორ მიდის მდგომარეობა და მაქსიმალურად ხდება ყველა უწყების მუშაობის კონტროლი უშუალოდ მერისა და კურატორი მოადგილეების მიერ“, – აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო და მუნიციპალური ლაბორატორია მუშაობს.

„დასკვნების შესაბამისად დავიწყებთ მოქმედებას. დაცვა რამდენიმე ხანში მოვა, რომ ​მაროდიორობას არ ჰქონდეს ადგილი, რადგან სახლის კარებები ღიაა. ამ ეტაპისთვის იმ ბინებში, სადაც უსაფრთხოა, სათითაოდ შეჰყავთ ოჯახის წევრები პოლიციის თანამშრომლებს, დაცვის თანამშრომლებს და საკუთარი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. აქ არიან „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლები. აქ არიან „თელასის“ თანამშრომლები. როგორც კი საფრთხის შემცველი ელემენტების მოხსნა მოხდება, წყალიც აღუდგება კორპუსს, დენიც. დარჩება ის მონაკვეთი, სადაც არის დაზიანება. მიმდებარე ტერიტორიების კორპუსებს, რომლებსაც აღენიშნება თუნდაც ელემენტარული დაზიანება ამ აფეთქების გამო, სამხარაულის ორი თანამშრომელი დადის, აღწერას გააკეთებს და როგორც ყოველთვის, ახლაც არ დავტოვებთ უყურადღებოდ არც ერთ მოსახლეს, რომელიც ამ აფეთქების გამო დაზიანდა“, – აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.

დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი.

დატოვე კომენტარი