დიღმის ჭალების პარკის მოწყობაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდება
დიღმის ჭალების პარკის მოწყობაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდება

დიღმის ჭალების პარკის მოწყობაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდება.

აღნიშნული ტენდერი პირველად 16 ივნისს გამოცხადდა. თუმცა, ხარჯთაღრიცხვის კორექტირების გამო, სატენდერო კომისიამ მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მეორე ტენდერი უკვე პირველ ივლისს გამოცხადდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოცხადებული მონაცემებით, საუკეთესო ფასი შპს „გრინსერვის+“-მა დააფიქსირა – 13 069 000 ლარი.

სატენდერო კომისიამ კომპანიას დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა, შემდეგ კი მიიჩნია, რომ ის სატენდერო მოთხოვნებს მაინც ვერ აკმაყოფილებდა და „გრინსერვის+“-ის დისკვალიფიკაცია მოხდა.

დავების განხილვის საბჭოში საჩივრის შეტანის შემდეგ, კომპანიის დისკვალიფიკაცია გაუქმდა. თუმცა, დავების საბჭოს ამჯერად ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტმა, „ინშაათ საქართველომ“ მიმართა.

საბოლოოდ, სატენდერო კომისიამ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც საქართველოს პირველ არხს მერიაში განუცხადეს, ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

დიღმის ჭალებში თანამედროვე დიზაინის, მრავალფუნქციური პარკის მოწყობა იგეგმება. საუბარია ე.წ. გლდანის ხიდებთან არსებულ ტერიტორიაზე, სადაც იგეგმება მდინარე მტკვარზე არსებული კუნძულის კეთილმოწყობაც.