დიეგო სიმეონე - ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს გულიდან მოდიოდა
დიეგო სიმეონე - ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს გულიდან მოდიოდა

ატლეტიკო მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ბოდიში მოუხადა იუვენტუსის გულშემატკივრებს იმ ჟესტისთვის, რომელიც გუშინდელ მატჩში, ხოსე მარია ხიმენესის მიერ გოლის გატანის შემდეგ გააკეთა.

როდესაც მისმა გუნდმა ანგარიში გახსნა, არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იუვენტუსის გულშემატკივრებისკენ მიტრიალდა და ორივე ხელით საკუთარ გენიტალიებს ჩაებღაუჭა.

„მე ეს გულით გავაკეთე“, – განაცხადა სიმეონემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ბოდიშს უხდის ყველას, ვინც ეს შეურაცხყოფად მიიღო. – „ეს არ იყო ზრდილობიანი ჟესტი, ვაღიარებ, თუმცა შინაგანი მოთხოვნა მქონდა, რომ ასე მოვქცეულიყავი. მე ეს ლაციოში თამაშისას გავაკეთე ერთხელ და დღესაც გავიმეორე, რითაც ყველას ვუთხარი, რომ ჩვენ, როგორც გუნდს, „რკინის კვერცხები“ გვაქვს. ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმემ შეურაცხყოფად მიიღო“.

შეგახსენებთ, რომ პირველ მერვედფინალურ მატჩში ატლეტიკომ შინ იუვენტუსი 2-0 დაამარცხა და 12 მარტს, განმეორებით შეხვედრაში, ამ უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება.