დიეგო მარადონას სიკვდილის გამო, შვიდი ექიმი შეიძლება მოხვდეს ციხეში - პროკურატურა დარწმუნებულია, რომ მათ ლეგენდა სასიკვდილოდ გაწირეს #1TVSPORT
შვიდი ადამიანი შეიძლება მოხვდეს ციხეში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას სიკვდილის გამო. „ბარსელონას“, „ნაპოლისა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფორვარდი 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.
გაკვეთამ აჩვენა, რომ გულის გაჩერების მიზეზი გახდა ფილტვის მწვავე შეშუპება გულის უკმარისობის ფონზე. ესპანურმა „მარკამ“ მოიპოვა სან-ისიდროს გენერალური პროკურატურის ანგარიში: გამოძიებამ „არაადეკვატური, არასრულყოფილი და უგუნური“ უწოდა სამედიცინო ჯგუფის მოქმედებას, რომელიც მარადონას გადასარჩენად იბრძოდა და მიაჩნია, რომ პაციენტის ჯანმრთელობა „ბედის ანაბარა იყო მიტოვებული“. შვიდ ადამიანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყოფილი ფეხბურთელის სიკვდილზე, რვიდან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჯერ კიდევ ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე დაადანაშაულეს გულგრილობაში, რამაც ლეგენდის სიკვდილი გამოიწვია. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მარადონა საავადმყოფოში მოხვდა ტვინში ჰემატომით და ოპერაცია ჩაუტარდა, 11 ნოემბერს კი შინ გაუშვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ასეთ მდგომარეობაში მარადონა არ უნდა ყოფილიყო სახლში ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობის გარეშე. ასევე არ იყო დაცული სხვა სამედიცინო რეგლამენტები: მარადონასთან ახლოს არ მორიგეობდა სასწრაფო დახმარების მანქანა, მის სახლში არ აღმოჩნდა დეფიბრილატორი.
„არ ყოფილა არანაირი სამედიცინო შეცდომა. ეს იყო გულის შეტევა. ადამიანები მსგავს შემთხვევებში, უფრო ხშირად იღუპებიან. საკუთარ თავს არაფერში ვადანაშაულებ. ვამაყობ იმით, რაც გაკეთდა დიეგოსთვის. რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გაკეთდა“, – განაცხადა მაშინ ლუკემ. ისიც შედის ბრალდებულთა სიაში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: დიეგოს სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ დაადგინა, რომ არგენტინის ნაკრების ყოფილი ფორვარდი იყენებდა რიგ პრეპარატებს, რომლებსაც შეიძლება ნეგატიური გავლენა ჰქონოდა ფეხბურთელის გულზე.
ამ პრეპარატებს შორის იყო ანტიდეპრესანტები და ანტიფსიქოტიკები, კერძოდ, კვეტიაპინი (გამოიყენება დეპრესიის, შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის წინააღმდეგ), ჰაბაპენტინი (გამოიყენება ნეიპოპათიული ტკივილებისას, რომელიც გამოწვეულია დიაბეტით ან ეპილეფსიით) და ნალტრექსონი, რომლითაც კურნავენ ალკოჰოლზე დამოკიდებულებას.
მარადონას ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვაც მოხვდა შვიდ ბრალდებულში.