დიეგო მარადონას ადვოკატმა ფეხბურთელის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი დაასახელა #1TVSPORT
არგენტინის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას დიეგო მარადონას ექიმების მხრიდან შესაძლო გულგრილი დამოკიდებულების გამო. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ადვოკატმა მატიას მორლამ მოწმის რანგში ჩვენების მიცემის შემდეგ მარადონას სიკვდილის სავარაუდო მიზეზი გაახმოვანა.
„სამედიცინო მომსახურება და მოვლა იყო საშინელი, ამიტომაც არის ის გარდაცვლილი“, – განაცხადა ადვოკატმა.
მორლამ განაცხადა, რომ საავადმყოფოში, სადაც მარადონას სიკვდილამდე სამი კვირით ადრე ოპერაცია ჩაუტარდა, არ გასცეს რეკომენდაცია პაციენტის შინ გაშვებაზე, მაგრამ ფეხბურთელის ნათესავები არ დაეთანხმნენ ამას და ყოფილი ფეხბურთელი ბუენოს აირესის გარეუბანში მდებარე სახლში გადაიყვანეს, სადაც მას დაქირავებული მედპერსონალი უვლიდა.
„ეს სიგიჟე იყო. ექიმები ამბობდნენ, რომ ის საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო“, – სწორედ ამას მიიჩნევს ფატალურ შეცდომად მორლა, რომელმაც ბოლოჯერ მარადონა გასული წლის 16 ნოემბერს, სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ნახა. მან აღნიშნა, რომ ბოლო შეხვედრისას დიეგოს უცნაური ხმა ჰქონდა, თითქოს რობოტი ლაპარაკობდა.
დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა.