დიეგო მარადონა სამწვრთნელო კარიერას აგრძელებს. ლეგენდარული არგენტინელი ლა პლატას „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
ახალი მწვრთნელის პრეზენტაციაზე 25 ათასი გულშემატკივარი მივიდა და სტადიონი მთლიანად გაივსო. ამასთან, „ხიმნასია“ არგენტინის ჩემპიონატში მთავარი აუთსაიდერია – გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.
პრეზენტაციაზე მარადონამ სამოტივაციო სიტყვა წარმოთქვა: „არც ერთ ვარჯიშს არ გამოვტოვებ. ის, ვინც არ ივარჯიშებს, მატჩებში არ ითამაშებს. გპირდებით, რომ სანამ აქ ვარ, ეს გუნდი ყველასთვის სამაგალითო იქნება.
მე ჯადოქარი არ ვარ, მაგრამ მუშაობა მიყვარს. მიყვარს მძიმე შრომით ფულის შოვნა. ამას ვაკეთებდი მთელი ცხოვრების განმავლობაში“.
პირველ მატჩს მარადონას ხელმძღვანელობით „ხიმნასია“ 15 სექტემბერს, „რასინგის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.