დიეგო მარადონა - ისინი იტყუებიან, მე ალცჰაიმერის დაავადება არ მაქვს (ვიდეო)
დიეგო მარადონა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას ალცჰაიმერის დაავადება აქვს. მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი ლეგენდა მექსიკური გუნდის, „დორადოს დე სინალოას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვერ დარჩებოდა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
58 წლის ვეტერანი ფეხბურთელი, რომელსაც მალე მხარზე და მუხლზე გაუკეთებენ ოპერაციას, ზემოხსენებული გუნდის მწვრთნელად ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდა.
მარადონამ, რომელიც არგეტინის ნაკრებთან ერთად 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საკუთარ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს:
„ისინი ცრუობენ. ისინი ალცჰაიმერის დაავადებას ახსენებენ და არც კი იციან, ეს სიტყვა რას ნიშნავს. ალცჰაიმერის დაავადება ვისაც აქვს, კვდება. მე კი არ ვკვდები. ეს ჟურნალისტიკა არ არის. ეს არის ადამიანის დასამარცხებლად მოკლე გზის ძებნა. მე ასეთი არა ვარ. მე უკვე დავიკავე პირველი ადგილი, ფეხბურთელი რომ ვიყავი“.
დიეგო მარადონა საყოველთაოდ არის აღიარებული ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად, ბევრი გულშემატკივარი კი მას ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევს.