მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდ დიეგო კოშტასთვის სეზონი დასრულებულია. ესპანეთის ჩემპიონატის დამთავრებამდე შვიდი ტურია დარჩენილი, ფეხბურთელმა კი რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მსაჯ ხესუს მანსანოს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
ინციდენტი ლა ლიგას 31-ე ტურში, ბარსელონასთან მატჩში მოხდა. დიეგო კოშტამ წითელი ბარათი მსაჯის შეგინების გამო მიიღო. ფეხბურთელი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ ბრალი დადასტურდა არბიტრის მიკროფონიდან აუდიოჩანაწერის მეშვეობით.
კოშტა ექვსი ათასი ევროთი დააჯარიმეს, კლუბი – 2.8 ათასი ევროთი.
დიეგო კოშტას ამ სეზონში ვეღარ ვიხილავთ მოედანზე, რადგან ატლეტიკო ესპანეთის თასიდანაც და ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა.