„ვულვერჰემპტონის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ ფორვარდ დიეგო კოშტასთან. პრემიერლიგის კლუბმა მასთან სეზონის ბოლომდე დადო ხელშეკრულება.
33 წლის კოშტა უკვე თამაშობდა პრემიერლიგაში. 2014-17 წლებში ის „ჩელსის“ წევრი იყო. ლონდონურ კლუბში მან ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა. სულ ამ გუნდში 89 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. ასევე ის გამოდიოდა მადრიდის „ატლეტიკოში“ და ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროში“. ეს კლუბი მან ამა წლის იანვარში დატოვა და „ვულვერჰემპტონში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ინგლისურმა კლუბმა თავისი ახალი ფეხბურთელი ორიგინალურად წარადგინა. სპეციალურ ვიდეორგოლში დიეგო კოშტა ჯაჭვით დაბმული მგლებით ჩანს. „ძალიან შეშინებული ვიყავი. ხელში ჯაჭვი მეჭირა და ვფიქრობდი: „უცებ ეს მგელი რომ მომახტეს?!“ როცა ისინი მომიახლოვდნენ და ჩემი ფეხი დაყნოსეს, გავიფიქრე, რომ ჩემი აღსასრული მოვიდა. ძალიან შემეშინდა – ისინი მგლები იყვნენ და არა ძაღლები. მაგარი გამოცდილება მივიღე, მაგრამ არა კომფორტული“, – ჰანაცხადა დიეგო კოშტამ.