დიეგო კოლასი - ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი უნდა მოიძებნოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სრული დაცვის გარანტიით
დიეგო კოლასი - ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი უნდა მოიძებნოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სრული დაცვის გარანტიით

ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი უნდა მოიძებნოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სრული დაცვის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა ელჩს კითხვა დაუსვეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის შესახებ.

„რაც შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განცხადებას, თუ რა გაუგზავნა მას სააკაშვილმა და შემდეგ, რა უპასუხა სასამართლომ. ვინაიდან ჯერ არ მინახავს და არ გამიანალიზებია, ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგადად, ამ საკითხზე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ამ სახელმწიფოს აქვს თავისი პრეროგატივა, რომ იყოს ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ასევე, იყოს ადამიანის უფლებების დამცველი, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ეს პრეროგატივები, რომელიც აქვს სახელმწიფოს, უნდა იყოს გატარებული და განხორციელებული ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სრული დაცვით. ასევე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადამიანის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება. აღნიშნული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი უნდა მოიძებნოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სრული დაცვის გარანტიით“, – განაცხადა ელჩმა.