დიეგო კოლასი - უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს პირობებისგან თავისუფალ მდგომარეობას, თუ გინდათ, საფრანგეთში ერთი კვირით დარჩეთ, ამის საშუალება უნდა გქონდეთ
დიეგო კოლასი - უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს პირობებისგან თავისუფალ მდგომარეობას, თუ გინდათ, საფრანგეთში ერთი კვირით დარჩეთ, ამის საშუალება უნდა გქონდეთ

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი გვაქვს, ეს ძალიან წარმატებული პოლიტიკაა და ბევრი ადამიანი მისგან სარგებელს იღებს, მაგრამ უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს პირობებისგან თავისუფალ მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროპაში გასამგზავრებლად მოქალაქეებს საარსებო საშუალებები სჭირდებათ, ასევე მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევა.

„როდესაც ადამიანები ასე მგზავრობენ და უკან ბრუნდებიან, ეს შესანიშნავია. პრობლემა ისაა, როდესაც ადამიანებს სურთ გამგზავრება საარსებო საშუალების გარეშე და ითხოვენ თავშესაფარს. მათ უარს ეუბნებიან, რადგან არ არის ამის მიზეზი. თანხმობის შემთხვევაში, ისინი საფრანგეთის სოციალური და ჯანდაცვის უწყებების ტვირთი ხდებიან. სწორედ ამიტომ უშვებენ უკან, რომ არ აქვთ დარჩენის და სახელმწიფო სარგებლის მიღების უფლება. უვიზო რეჟიმი მათ ამის უფლებას არ აძლევს, რადგან არ აკმაყოფილებენ საფრანგეთში დარჩენის პირობებს. ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა, რადგან მნიშვნელოვანია შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი. ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს, რომ კონტროლი ეფექტიანი იყოს. მოქალაქეებს შეუძლიათ, გაემგზავრონ საფრანგეთში, თუ მათ აქვთ არსებობის საშუალებები. თუ გინდათ, რომ საფრანგეთში ერთი კვირით დარჩეთ, თქვენ ამის საშუალება უნდა გქონდეთ, სასტუმროს ჯავშანი, საკმარისი თანხა და ჯანმრთელობის დაზღვევა. თუ ეს საშუალებები გაქვს, პრობლემა არ არის“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ევროკავშირის, მიგრაციის ოფისისა და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობდა.