დიეგო კოლასი - უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას, ვხედავ, რომ არის სურვილი, განხილული იყოს ევროპისკენ საქართველოს გზაზე ახალი ნაბიჯების პრინციპი
დიეგო კოლასი - უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას, ვხედავ, რომ არის სურვილი, განხილული იყოს ევროპისკენ საქართველოს გზაზე ახალი ნაბიჯების პრინციპი

მინდა, ყველა შევაქო, ვინც ხელს უწყობს საქართველოში ევროპისკენ ნაბიჯების შესახებ საუბარს, ისტორიის გამო ეს პროცესი დაჩქარდა და საკითხზე მაქსიმალური კონცენტრაცია ხდება, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

ელჩმა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ინიციატივის ფარგლებში გამართული დისკუსია დადებითად შეაფასა, რომელზეც მთავარი განსახილველი თემა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იყო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსიაა და მინდა, ყველა შევაქო, ვინც ხელს უწყობ საქართველოში საუბარს ევროპისკენ ნაბიჯების შესახებ. ისტორიის გამო, ეს პროცესი დაჩქარდა და ამ საკითხზე მაქსიმალური კონცენტრაცია ხდება. ძალიან კარგია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწევენ ორგანიზებას ამგვარ დებატებს, რომ ქართველებს შეეძლოთ ამ პროცესის განხილვა“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

რაც შეეხება ევროკომისიის დასკვნის მოლოდინთან დაკავშირებით შეკითხვას, როგორც დიეგო კოლასმა აღნიშნა, საკითხზე პროგნოზის გაკეთება არ სურს და უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას.

„არ მინდა ამ საკითხზე პროგნოზების გაკეთება და სპეკულირება. ჩვენ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას, ვიდრე ზუსტად გვეცოდინება, თუ რა იქნება შეთავაზებული. რასაც ვხედავ, არის სურვილი, განხილულ იქნას ევროპისკენ საქართველოს გზაზე ახალი ნაბიჯების პრინციპი. ვფიქრობ, თქვენ იხილეთ ამ საკითხზე პრეზიდენტ მაკრონისა და სხვების განცხადებები, რომლებიც არის უფრო ღია პრინციპები, ვიდრე ჩვენ ვიხილეთ წარსულში, რაც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. თუმცა, თქვენ ასევე უნდა დაინახოთ, რომ ზოგადი იდეა არის ის, რომ როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ნებისმიერი გაფართოება შესაძლებელია მოხდეს, თუ ის სწორია. ასე რომ, არსებობს პირობები, კრიტერიუმები და ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხები, ეს არის ფუნდამენტური მზადყოფნის კრიტერიუმები. ისინი თუ დაკმაყოფილებულია, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და თუ არა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ისინი, ვიდრე წინსვლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

დიეგო კოლასმა სასამართლო რეფორმის საკითხზე და კონკრეტულად ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით კითხვასაც უპასუხა. ელჩის თქმით, სასამართლო რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ის, რის გარეშეც ევროკავშირი ვერ იფუნქციონირებს.

„სასამართლო რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სასამართლო რეფორმა არის მზადყოფნის ფუნდამენტური კრიტერიუმი. ევროკავშირში დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე ევროკავშირი ვერ იფუნქციონირებდა, რადგან ევროკავშირი დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე და მოსამართლეები განსაზღვრავენ ამ უფლებებს, მთავრობის შემთხვევაშიც კი, თუ ხალხი ფიქრობს, რომ მთავრობა მათ უფლებებს ზღუდავს და მოსამართლე ამას ეთანხმება. მე ვიყავი მთავრობის იურისტი, ასე რომ, ვიცი ამის დინამიკა და მნიშვნელობა ევროკავშირის ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, სასამართლო რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ის, რის გარეშეც ევროკავშირი ვერ იფუნქციონირებს. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ საქმეს, როდესაც მსგავსი რამ ხდება, რაც ეხება პრესის თავისუფლებას, შეკითხვაა, არის თუ არა შეფასებული პრესის თავისუფლებაზე გავლენის რისკები“, – განაცხადა კოლასმა.