დიეგო კოლასი - საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც ვპირდებით დახმარებას, ეს არის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი
დიეგო კოლასი - საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც ვპირდებით დახმარებას, ეს არის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი

საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც გპირდებით დახმარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

დიეგო კოლასის თქმით, ჯამში, მიზანი არის, რომ მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, პროდასავლური გარემოს გაძლიერება საქართველოში, ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებების შემუშავება, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცება.

„მთელ გუნდს ვულოცავ. 2020 წელი იყო, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები დაპირდნენ საქართველოს, რომ კოვიდის პერიოდში დახმარებას აღმოუჩენდნეთ. იმ დღიდან, 190 მლნ ევრო გამოვყავით კოვიდის პერიოდში, დახმარების სახით. ძალიან ვამაყობთ, რომ არა მარტო დავპირდით ქვეყანას, არამედ შევასრულეთ ერთ თვეში ეს პირობა. პრემიერ-მინისტრო, თქვენ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც გპირდებით დახმარებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, ინვესტიცია განვახორციელოთ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში საქართველოში. ზუსტად ამიტომ არის ეს მემორანდუმი, რომელსაც რამდენიმე წუთში ხელს მოაწერენ ბატონი მინისტრი და ქალბატონი სესილი, ასევე მნიშვნელოვანია, ასეთი მეგობრული სულისკვეთებისთვის, საქართველოსთვის და საფრანგეთისთვის, იმიტომ, რომ სამი წლის განმავლობაში, ეს არის ამბიციური პროგრამა. თქვენ სწორად ბრძანეთ ბატონო პრემიერო, რომ 150 მლნ ევრო იქნება წელიწადში, სამი წლის განმავლობაში, თანასწორ ნაწილებად და ასევე იქნება საგრანტო დაფინანსება, დაახლოებით 30 მლნ ევროს ოდენობით, ამ თანხის ზემოდან. მიმაჩნია, რომ ეს საოცარი საქმის შესრულებას შეგვაძლებინებს. ჯამში, ჩვენი მიზანი არის, რომ მოვახდინოთ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, გავაძლიეროთ პროდასავლური გარემო საქართველოში, შევიმუშაოთ ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებები, საქართველოსა და საფრანგეთს შორის განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ საოცარი ამბები ხდება და მოხდება.

ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო თბილისში ხორციელდება. ძალიან საინტერესო პროექტებია, არა მარტო მწვანე კონცეფციის და ტრანსპორტის სფეროში, არამედ ინკლუზიური პროექტები ხორციელდება საბინაო მეურნეობებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის. ეს ზრდა და ეკონომიკური კეთილდღეობა ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ტრანსპორტის და ზოგადად, განვითარების კონტექსტში მოხდება თბილისის მასშტაბით“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.

ელჩმა სხვადასხვა პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, რეგიონული განვითარების მიმართულებით.

„რამდენიმე თვის წინ თბილისს მიენიჭა „წიგნის დედაქალაქის“ სტატუსი და ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პროექტი განხორციელდება მომავალში. სხვა მაგალითებიც გვაქვს, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ხორციელდება, სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, ირიგაციის სფეროში და ამიტომ, არის ეს მნიშვნელოვანი. არა მარტო ახალი აპარატურა, ახალი მანქანა-დანადგარები, ახალი დინამიური განვითარება, არამედ ადგილობრივი დემოკრატიის წესჩვეულებების განვითარებაც მოხდება, განმტკიცება და ეს ყველაფერი მოიტანს წარმატებას. იქნება სხვა პროგრამები სოციალური კოდექსის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რეგიონულ განვითარებაზეც მინდა იგივე ვთქვა.

კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა ხაზი გავუსვა არის არა მარტო ის, რას ვაკეთებთ, არამედ როგორ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს გუნდური მიდგომა და ბუნებრივია, საქართველოსა და საფრანგეთს შორის გუნდურ მიდგომას ვგულისხმობ და ეს არის „ჰაშთაგით“ მეგობრობა ევროპაში, რომელიც ასე შუქდება მედიაში ევროპის მასშტაბით. ამასთან, ტრადიციული პარტნიორები, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს გერმანიაში, რიგით მეორე ვთქვათ საქართველოში არის KFW, ენერგეტიკის სფეროში ერთად ვახორციელებთ პროგრამებს და მათაც ვაქებთ და ყოველთვის შევაქებთ. ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც გვაქვს ძალიან კარგი პროგრამები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ ინიციატივებს და ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა მათთან მუშაობა დასავლეთ ევროპული ინიციატივის გაძლიერებისა და კონსოლიდაციის კუთხით. ასევე, ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთანაც. ეს არის ერთობლივი დაგეგმვის, ერთობლივი განხორციელების პროგრამა“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

საქართველო სამი წლის განმავლობაში საფრანგეთისგან დახმარების სახით 483 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს.

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილ კუპრიმ.