დიეგო კოლასი - მნიშვნელოვანია, საქართველოს მთელი ენერგია მობილიზებული იყოს არსებული გამოწვევების გადასალახად, ამას ემსახურებოდა ევროკავშირის მედიაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა
დიეგო კოლასი - მნიშვნელოვანია, საქართველოს მთელი ენერგია მობილიზებული იყოს არსებული გამოწვევების გადასალახად, ამას ემსახურებოდა ევროკავშირის მედიაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას ეხმაურება.

ელჩის შეფასებით, წერილი იყო ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი.

„ვფიქრობ, წერილი იყო ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი. ზოგადად, ვეთანხმები, რომ ევროკავშირის მედიაციით საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთელი ენერგია მობილიზებული და გაერთიანებული იყოს დღეს არსებული გამოწვევების გადასალახად. სწორედ ამას ემსახურებოდა მედიაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა.

ვფიქრობ, ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთთან დაახლოება შეუძლიათ, რისი ხელშეყობაც ამ შეთახმებას შეუძლია. მოუთმენლად ველოდებით შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულებას“, – აცხადებს დიეგო კოლასი.

რაც შეეხება 2024 წლისთვის საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე კითხვას, ელჩის თქმით, ბევრია გასაკეთებელი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით.

„ჯერ არ მინდა საუბარი მომავალზე და იმაზე, რა მოხდება 2024 წელს და შემდგომ, თუმცა დღეს ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ საქართველო გახდეს კიდევ უფრო მეტად ევროპული. სწორედ ამ დღის წესრიგზე ვმუშაობთ. ბევრია გასაკეთებელი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის დღევანდელი დღის წესრიგი, რომლითაც ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საკმაოდ კარგი შედეგის მიღებას შევძლებთ“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

დატოვე კომენტარი