დიეგო კოლასი - ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვის მიერ განაცხადის გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იყო
დიეგო კოლასი - ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვის მიერ განაცხადის გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იყო

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს მოუსმინეს.

სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთი, თავისი მიზნების მისაღწევად, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი – ეს არის რუსეთის და ბელორუსიის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ უკრაინის პარტნიორები და უზრუნველვყოფთ ყველანაირ მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერას, ასევ, შეიარაღების უზრუნველყოფას რათა დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

ელჩმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ სექტორული მიმართულებებით დაწესებულ სანქციებზე და იზოლირების სტრატეგიაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ კოლექტიური ძალისხმევის ნაწილია.

„მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობას. ეს არის სუვერენული ქვეყნების არჩევანი და ამის ხელყოფა მიუღებელია“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველოს და საფრანგეთს აქვს ახლო კოორდინაცია არსებული კრიზისის მიმართ.

„ჩვენ ერთად მივაღწიეთ ძალიან კარგ შედეგებს. კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს საკუთარ მოწყვლადობას და ახორციელებს ფრთხილ ქმედებებს. საქართველო თავისი სიტყვებით და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს.“ – განაცხადა მომხსენებელმა.

ელჩმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა.

„ჩემი შეხედულებით, უკრაინასთან ერთად, საქართველოს და მოლდოვის მიერ განაცხადის გაკეთება იყო სწორი გადაწყვეტილება. ევროპული კომისიისგან მოსაზრების მოთხოვნა ეს არის პოლიტიკურად ერთ-ერთი პოზიტიური წინსვლის გზა“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

დიპლომატმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვისუნარიანობის საქმიანობაში მონაწილეობისთვის.