დიეგო ფორლანმა კარიერა დაასრულა
ურუგვაის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დიეგო ფორლანმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 40 წლის ბომბარდირის ბოლო გუნდი იყო ჰონგ კონგის „კიტჩი“. ურუგვაელი მოედანზე 2018 წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა.
„რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდი, რომ ეს მომენტი ოდესმე დადგებოდა. გადავწყვიტე დავტოვო პროფესიული ფეხბურთი. გამოსათხოვარ მატჩს ჩავატარებ. ის ურუგვაიში გაიმართება. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ, მივიღე კარიერის გაგრძელების წინადადება, მაგრამ ჩემი შვილების დაბადების შემდეგ, სხვა პრიორიტეტები გამიჩნდა“, – მოჰყავს ფორლანის სიტყვები გამოცემა „ობსერვადორს“.
ევროპაში დიეგო ფორლანს „ვილიარეალის“, „ატლეტიკოს“, „ინტერისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში უთამაშია. ინგლისური კლუბის რიგებში ის ქვეყნის ჩემპიონი გახდა, „ატლეტიკოსთან“ ერთად კი მოგებული აქვს ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.
ურუგვაის ნაკრებში ფორვარდმა 105 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 2010 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა.