Die Welt - ნატო სწრაფი რეაგირების ძალებში 30 000 ჯარისკაცის დამატებას გეგმავს
Die Welt - ნატო სწრაფი რეაგირების ძალებში 30 000 ჯარისკაცის დამატებას გეგმავს

გერმანული გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით, ნატო სწრაფ რეაგირების ძალებში 30 000 ჯარისკაცის დამატებას გეგმავს. როგორც გერმანელი ჟურნალისტები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერენ, ახალი „სარეზერვო ქვედანაყოფი რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად იქნება მზად“.

გერმანული მედიასაშუალების ცნობით, 7 ივნისს ნატო-ს წევრები სარეზერვო ძალების გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ. ვარაუდობენ, რომ ახალი დანაყოფი ასევე მიიღებს ავიაგამანადგურებლებს და სამხედრო გემებს.

„ალიანსი ცალკეული მოკავშირეების ოპერატიული მზადყოფნის გაძლიერებას გეგმავს, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და ჰაერში“, – ნათქვამია Die Welt-ის სტატიაში. როგორც პუბლიკაციის ავტორები ამბობენ, ახალი სარეზერვო ძალები „შესაძლო კრიზისისთვის“ ნატო-ს მზადყოფნას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, სამხედროები სრულ მზადყოფნაში 30 დღის ვადაში უნდა იყვნენ.

როგორც გერმანული გამოცემა წერს, ახალი ინიციატივის ავტორი აშშ-ია. ამასთან გეგმის რეალიზაციისთვის პირველ რიგში აუცილებელია გერმანიის მხარდაჭერა. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ნატო-ს ახალი სარეზერვო ძალები ივლისში შეიქმნება.

სარეზევრო ძალების გაფართოების გარდა, 7 ივნისს ნატო-ში ასევე განიხილავენ სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს, რაც სამხედრო ტექნიკის უფრო სწრაფი გადაადგილებისთვისაა აუცილებელი.

„ეს მოითხოვს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნას და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას“, – ნათქვამია Die Welt-ის სტატიაში.