Die Welt - გერმანიაში გამოვლენილი ქართველი დამნაშავეების 60 % თავშესაფრის მაძიებელია
Die Welt - გერმანიაში გამოვლენილი ქართველი დამნაშავეების 60 % თავშესაფრის მაძიებელია

გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო შეშფოთებულია, – ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გერმანული გამოცემა Die Welt-ი.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის შიგნით და ევროკავშირის დონეზე განიხილავს გარკვეული ზომების ამოქმედების შესაძლებლობას. Die Welt-ის ცნობით, შესაძლო ზომებს შორის განიხილება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე მოქალაქეების დაბრუნების გააქტიურება. აღნიშნულ საკითხზე წინასწარი დისკუსია უკვე გაიმართა ევროკომისიასთან.

„გერმანიის ფედერალური მთავრობა თავიდანვე ყოყმანობდა, უნდა მოეცათ თუ არა ქართველებისთვის მომავალში ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება? მართალია, საგარეო პოლიტიკური არგუმენტები ბრწყინვალე იყო: კავკასიის ამ რესპუბლიკას დასავლეთთან ყველაზე მჭიდრო კავშირები ჰქონდა, თუმცა 2016 წელს, როდესაც გადაწვეტილება უნდა მიღებულიყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებდა, რომ არსებობდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებები ქურდობდნენ. განსკუთრებით პრობლემური კი ქართველი დამნაშავეები იყვნენ.

ამის მიუხედავად პროექტი არ გაჩერდა, 2017 წლის გაზაფხულზე სავიზო რეჟიმი საბოლოოდ გაუქმდა და ახლა ქართველებს ევროკავშირში გამგზავრება მარტივად, ბიომეტრიული პასპორტით შეუძლიათ. თუმცა, ამავე დროს, საფრანგეთთან ერთად, გერმანიის მთავრობამ მიიღო გარანტია, რომ შეიქმნებოდა საგანგებო შეჩერების მექანიზმი. ამგვარად, გარკვეული გარემოებების დროს უვიზო რეჟიმი შეიძლება გადაიხედოს და საგანგებო ვითარებაში შეჩერდეს კიდეც. მგზავრობის გამარტივებიდან ერთი წლის შემდეგ, სწორედ ამასთან გვაქვს ახლა საქმე“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც გამოცემა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი 238 ადამიანმა მოითხოვა, ოქტომბერში -355, ნოემბერში – 444, დეკემბერში – 522 და იანვარში – 745.

„მოვლენების სწორედ ასეთმა განვითარებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე“, – ნათქვამია სტატიაში.

ბუნდესტაგის დეპუტატი, ქრისტიან-სოციალური კავშირის წევრი, სტეფან მაიერი პრობლემის გადასაჭრელად თანმიმდევრულ მიდგომას ითხოვს.

„თუ ეს მოვლენები დროულად არ შეჩერდება, ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს, რომ შესწევს უნარი, იმოქმედოს და გააუქმოს უვიზო რეჟიმი“, – განაცხადა მაიერმა.

გერმანელი დეპუტატი თავხედურს და მიუღებელს უწოდებს საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევას. მისი თქმით, ისინი გერმანიაში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ისარგებლონ, თუმცა მათ განაცხადს წარმატების შანსი არ აქვს.

„ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელ მსურველთა რიცხვის გასამმაგების გათვალისწინებით, დადგა მოქმედების დრო“, – აღნიშნავს სტეფან მაიერი.

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა ფედერალურ მთავრობას ზომების მიღების თხოვნით უკვე მიმართა. შტამპის წერილში აღნიშნული იყო, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, განმცხადებლების ნაწილი დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა. ამასთან, ლტოლვილთა ბანაკებში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული პრობლემების რიცხვმაც იმატა.
გამოცემა Die Welt-ის მონაცემებით, გერმანიაში გამოვლენილი ქართველი დამნაშავეების 60 % თავშესაფრის მაძიებელია.