დიდუბის მეტროსთან სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
დიდუბის მეტროსთან სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ თ.ბ.-ს თბილისში, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ სამ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული და უტარდებათ შესაბამისი დახმარება.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად თ.ბ. დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.