დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი გაიხსნა [ფოტო]
დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი გაიხსნა [ფოტო]

დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი გაიხსნა. ინიციატივა მოძრაობას „არა ნაციზმს“ ეკუთვნის. როგორც სახალხო მოძრაობის დამფუძნებლებმა განაცხადეს, მემორიალი წინა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება.

როგორც ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა, მისი სურვილი იყო, ბუტა რობაქიძისა და კიდევ სხვა მოკლული ბიჭების ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალი ყოფილიყო.

„ეს იყო 14 წლის წინ, ზუსტად დღევანდელ დღეს, გიორგობას, ეკლესიის წინ ერთადერთი შვილი დამიხვრიტეს, უდანაშაულო. ეს ჩემი ოცნებაა, დიდი ხნის სურვილი. ბუტას მერე ქუჩაში 162 ბიჭი დაიხვრიტა. მინდოდა, მათ სახელზე მარადიული ხსოვნა და მემორიალი ყოფილიყო. აგერ, ჩემ გვერდით არის მხატვარი ვლადიმერ სტურუა, რომელმაც მემორიალი გააკეთა კეთილი ნებით, ჰონორარის გარეშე. მინდა, საჯაროდ ვუთხრა მადლობა. ასევე მადლობა გადავუხადო მეგობრებს, მეზობლებს, რომლებმაც მემორიალის შექმნაზე იზრუნეს, ამისათვის მადლობა მათ ყველას.

მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობა. ეს მემორიალი მარადიულ ხსოვნად დარჩება. სააკაშვილისა და რეჟიმის დაბრუნება არასოდეს უნდა დავუშვათ. არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს ტრაგედიები, რომლებიც წლების წინ დატრიალდა“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

მემორიალის გახსნას მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. ამასთან, მემორიალის გახსნას დაესწრო პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.