დიდთოვლობის გამო, აჭარის სოფლებში, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
დიდთოვლობის გამო, აჭარის სოფლებში, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ორდღიანი თოვის შემდეგ, მაღალმთიან აჭარაში დღეს დილიდან გამოიდარა. წუხელ ღამით თოვლის საფარმა ხულოს მაღალი ზონის სოფლებში – 80 სანტიმეტრს, ხოლო დაბალ ზონაში ნახევარ მეტრს მიაღწია.

დილიდან გზებზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 60-მდე სოფელთან მაღალი გამავლობის ავტომობილებით მისვლა შესაძლებელია. ასევე მთლიანად გაიწმინდა კურორტ გოდერძისთან დამაკავშირებელი გზა და ამ მიმართულებითაც მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის დასაშვებია.

შუახევის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, ქედაში კი – 70 სანტიმეტრს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში გაწმენდით სამუშაოებში 40-მდე ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შეფერხებაა შუახევში. ჭვანის ხეობაში რამდენიმე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამო აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.