დიდმა ბრიტანეთმა მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს – მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძესა და პაატა აბულაძეს.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, ტრასტებთან დაკავშირებული მომსახურების შეზღუდვას.
„მამუკა ფიფია მონაწილეობდა ან მონაწილეობს ისეთი პოლიტიკისა თუ ქმედების პოპულარიზაციაში, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ახდენს, ძირს უთხრის, საფრთხეს უქმნის ან ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ქართული პოლიტიკური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერისა და საერთაშორისო მდივნის რანგში, მან უხელმძღვანელა ქართველი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომელიც შეხვდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს. შემდგომ კი, ამ ვიზიტის შესახებ საჯაროდ განაცხადა. ასევე, მან ხელი შეუწყო რუსული დეზინფორმაციის ნარატივების გავრცელებას“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორამციის მიხედვით, გიორგი ირემაძე, რომელიც „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია, შეუერთდა ქართველი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომელიც შეხვდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელს. ასევე, მონაწილეობდა ისეთი პოლიტიკისა თუ ქმედების პოპულარიზაციაში, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ახდენს, ძირს უთხრის, საფრთხეს უქმნის ან ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ნიკოლოზ მჟავანაძე, როგორც საქართველოში მოქმედი რუსულენოვანი ტელეარხის დამფუძნებელი, ასევე შეუერთდა ქართველი პოლიტიკოსების ზემოაღნიშულ დელეგაციას.
პაატა აბულაძეც ბრიტანეთის მთავრობის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც დელეგაციის წევრი, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი.
მანამდე, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია მარატ კამბოლოვის, ალან გაგლოევისა და სერგეი ტოლმაჩოვის დასანქცირების შესახებ, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“.