დიდიე რეინდერსი - საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია
დიდიე რეინდერსი - საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია

საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერმა, დიდიე რეინდერსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ბელგიამ აჩვენოს ალიანსის წევრებს, რომ საქართველოს მეტის გაკეთება შეუძლია და შესაბამისად, უფრო მეტი შეიძლება გაკეთდეს ნატო-ს მხრიდანაც.

„ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ძალიან აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. აქაც უნდა დავანახოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოს მეტის გაკეთება ძალუძს, ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა.

როგორც ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ბელგია მხარს უჭერს საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

„თუ შევხედავთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ პროცესს და ვუხსნით კოლეგებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ, მეტი მეტის წილ უნდა გავაკეთოთ. თუ საქართველო მეტ რეფორმებს განახორციელებს, ჩვენც მეტი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა.