დიდიე რეინდერსი - როდესაც მოსკოვში დისკუსიებს ვმართავთ, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის საკითხს ყოველთვის ვაყენებთ დღის წესრიგში
დიდიე რეინდერსი - როდესაც მოსკოვში დისკუსიებს ვმართავთ, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის საკითხს ყოველთვის ვაყენებთ დღის წესრიგში

შეუძლებელია, შევურიგდეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერმა, დიდიე რეინდერსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბელგია ცდილობს, საკუთარი როლი ითამაშოს ამ პროცესში და როდესაც მოსკოვში დისკუსიები იმართება, ორი რეგიონის ოკუპაციის საკითხს ყოველთვის აყენებენ დღის წესრიგში.

„რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ბელგია, ისევე როგორც ევროკავშირი, აცხადებს, რომ შეუძლებელია, შევურიგდეთ ამ ოკუპაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ საქართველოს სუვერენობა და ტერიტორიული მთლიანობა. ამ ორი რეგიონის მცხოვრებლებთან ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით წინსვლა უმნიშვნელოვანესია და მივესალმებით შერიგების ინიციატივას.

მნიშვნელოვანია, გადაიდგას ნაბიჯები ვაჭრობის, განათლების, ხალხთა შორის თავისუფალი გადაადგილების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფორმატი ჟენევაში, რომელსაც მხარს ვუჭერთ და იმედი გვაქვს, რომ აქ წინსვლა შესაძლებელი იქნება.

ბელგია ცდილობს, ითამაშოს საკუთარი როლი ამ პროცესში და ყოველთვის, როცა მოსკოვში დისკუსიებს ვმართავთ, ორი რეგიონის საკითხს ვაყენებთ. ეს საკითხი ყოველთვის დღის წესრიგშია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განვაცხადე, რომ მნიშვნელოვანია, მიღწეულ იქნას პროგრესი, რადგან შეუძლებელია, სიტუაცია დარჩეს ისეთი, როგორც დღეს არის“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა.

რეიდერსმა საქართველოსა და ბელგიას შორის პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას.

მისივე თქმით, საქართველოსა ად ბელგიას პროგრესი აქვს ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით.

„ბელგიური კომპანიები დაინტერესებული არიან საქართველოში მუშაობით, მაგალითად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართულებით. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლებიც საქართველოში წლებია მიმდინარეობს“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა.