„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც უკრაინის მხარდამჭერის გაგრძელებაზეა საუბარი
„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც უკრაინის მხარდამჭერის გაგრძელებაზეა საუბარი

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, სადაც უკრაინის მხარდამჭერის გაგრძელებაზეა საუბარი. განცხადებას ხელს აწერენ აშშ-ის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

„G7-ის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი მისი ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების დაცვაში, ასევე მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში. ისინი მიესალმნენ მიმდინარე ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, განსაკუთრებით კი 11 მარტს საუდის არაბეთში, აშშ-სა და უკრაინას შორის გამართულ შეხვედრას.

„დიდი შვიდეულის“ წევრებმა მოიწონეს უკრაინის მზადყოფნა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაც აუცილებელი ნაბიჯია ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის შესაბამისად.

G7-ის წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, სათანადო რეაგირება მოახდინოს თანაბარი პირობებით ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობითა და მისი სრული განხორციელებით.

მათ განიხილეს რუსეთისთვის დამატებითი საფასურის დაკისრება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება შეთანხმებული, მათ შორის დამატებითი სანქციების, ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დაწესების, ასევე უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერისა და სხვა საშუალებებით. ეს მოიცავს რუსეთის სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებას.

G7-ის წევრებმა ხაზი გაუსვეს ცეცხლის შეწყვეტის პირობებში ნდობის აღდგენის ღონისძიებების, მათ შორის სამხედრო ტყვეებისა და დაკავებულების, როგორც სამხედროების, ისე სამოქალაქო პირების, გათავისუფლებისა და უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობას.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს დაცული და საჭიროა მყარი და სანდო უსაფრთხოების ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უკრაინის შესაძლებლობა, შეაკავოს და თავი დაიცვას ნებისმიერი განახლებული აგრესიისგან.

მინისტრებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციას უკრაინის ადრეული აღდგენისა და რეკონსტრუქციის ხელშეწყობისთვის, მათ შორის უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, რომელიც 2025 წლის 10-11 ივლისს რომში გაიმართება.

G7-ის წევრებმა დაგმეს ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევა და ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდება, რაც რუსეთის ომისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების აღდგენის გადამწყვეტი ხელშემწყობი ფაქტორია. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ ქმედებები ასეთი მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

G7-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება ომის შედეგების გამო, განსაკუთრებით სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. მათ განიხილეს ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთად მუშაობის ვალდებულება ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა დარჩეს დემოკრატიული, თავისუფალი, ძლიერი და აყვავებული“, – ნათქვამია G7-ის განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.