დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე გერმანია და საფრანგეთი დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ
დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე გერმანია და საფრანგეთი დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ

დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე გერმანია და საფრანგეთი დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ მისი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. ამის შესახებ ეჰიკო მაასმა Süddeutsche Zeitung-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღწეული პარიზის შეთანხმების და ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვება, ასევე ტარიფების დაწესება ევროპულ საქონელზე – ეს ის ერთმხრივი გადაწყვეტილებებია, რომლებიც ევროპას ზიანს აყენებს“,– განაცხადა ჰეიკო მაასმა

გერმანელი დიპლომატის განცხადებით, დონალდ ტრამპი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ითვალისწინებს. თუმცა ასეთი პოლიტიკა მსოფლიოს უკეთესს, უფრო უსაფრთხოს და მშვიდობიანს ვერ გახდის.

ამერიკის შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი პოლიტიკა გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტმაც.

„აშშ-ის გარდა დიდი შვიდეულის დანარჩენი ექვსი სახელმწიფოს ერთად აღებული ბაზარი, ამერიკულზე გაცილებით მასშტაბურია. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“,– ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

დიდი შვიდეულის რიგით 44-ე სამიტი კვებეკში 8-9 ივნისს გაიმართება. ლიდერების დიდი ნაწილი უკვე კანადის ქალაქში იმყოფება.

დატოვე კომენტარი