დიდი შვიდეულის სახელმწიფოები რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ
დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საფრანგეთში გამართული ორდღიანი შეხვედრის ბოლოს მიიღეს. დოკუმენტში რუსეთის ქმედებებს „დესტაბილიზაციური და ბოროტი განზრახვის მქონე“ უწოდეს.
კომუნიკეში დიდი შვიდეულის წევრები კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინას და მოუწოდებენ რუსეთს, გაათავისუფლოს შარშან ქერჩის სრუტესთან დაკავებული უკრაინული გემები და ხომალდები.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულები და გამოავლინოს პასუხისმგებლობა, როგორც გაერო-ს უშიშროების მუდმივმა წევრმა და იმოქმედოს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესიდან გამომდინარე, ასევე, დაიცვას შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული რეგიონული ემბარგო“, – ნათქვამია კომუნიკეში.
„ჩვენ მზად ვართ, არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ დავიცვათ გლობალური სისტემა და ის წესები, რომელსაც ის ეფუძნება რუსეთის დესტაბილიზაციური და ბოროტი განზრახვის მქონე ქმედებებისგან, კერძოდ მისი ჩარევისგან სხვა ქვეყნების დემოკრატიულ სისტემებში“, – აცხადებენ დიდი შვიდეულის ლიდერები.