„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამვლაში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებენ
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლაში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებენ და ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობენ.
აშშ-ის, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ერთობლივი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა დადასტურებულია და ისინი უმკაცრესად გმობენ მომხდარს.
„გერმანიამ აცნობა „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებს იმ ფაქტის შესახებ, რომ გერმანულმა სპეციალიზებულმა სამხედრო ლაბორატორიამ და გერმანელმა სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბატონი ნავალნი არის რუსეთის მიერ შექმნილი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით თავდასხმის მსხვერპლი. ბატონი ნავალნი იმყოფება ბერლინის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მისი მდგომარეობა სერიოზულია“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ დიპლომატების განცხადებით, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გარემოებებში ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად გამჭვირვალე გახადოს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ საშინელ თავდასხმაში საწამლავის გამოყენებით და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.
განცხადების თანახმად, ოპოზიციის ლიდერ ნავალნიზე თავდასხმა რუსეთში დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის მიყენებული კიდევ ერთი მძიმე დარტყმაა.