„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი, არ გამოიყენოს უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი, არ გამოიყენოს უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი, არ გამოიყენოს უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი. აღნიშნულის შესახებ, დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მხარდაჭერა უკრაინისადმი და დაგმეს რუსეთის მხრიდან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებზე განხორციელებული თავდასხმები და მიესალმნენ რუსეთის არმიის ქმედებების გამოძიებას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინაში საკუთარი ქმედებებით საფრთხე შეუქმნა ბირთვულ ობიექტებს, რის გამოც შესაძლოა განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდეს მოსახლეობა და გარემო.

„ჩვენ ვაფრთხილებთ რუსეთს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენების მუქარის შესახებ. ამასთან, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც სრულად იცავს საერთაშორისო შეთანხმებებს გაუვრცელებლობის შესახებ. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას სხვა ქვეყნებისა და აქტორების მიმართ, რომლებმაც გააფართოეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ „არ დაიშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს და ამ აგრესიის არქიტექტორებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ბელარუსის ლუკაშენკოს რეჟიმს, დაეკისროთ პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებებზე“.

ასევე, განცხადების მიხედვით, ქვეყნები გეგმავენ, განახორციელონ შემდგომი ნაბიჯები რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და მათ ჩასანაცვლებლად.

„დიდი შვიდულის“ ლიდერები ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მრავალმხრივმა ფორუმებმა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში აღარ უნდა აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, რისთვისაც პარტნიორებთან იმუშავებენ მჭიდროდ და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.