დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მინსკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მინსკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა მინისტრები გმობენ ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩისა და მისი პარტნიორის, სოფია საპეგას დაპატიმრებას და მათ უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ჩვენ დიდი შვიდეულის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, უმკაცრესად ვგმობთ ბელარუსის ხელისუფლების უპრეცედენტო ქმედებას დამოუკიდებელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩისა და მისი პარტნიორის, სოფია საპეგას დაპატიმრებას. ამ ქმედებამ საფრთხე შეუქმნა ეკიპაჟის წევრებისა და სხვა მგზავრების უსაფრთხოებას. ქმედება იყო სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი წესების უხეში დარღვევა. ასევე, ეს სერიოზული თავდასხმაა მედიის თავისუფლებაზე. ჩვენ ვითხოვთ რომან პროტასევიჩისა და ბელარუსში დაკავებული სხვა ჟურნალისტების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს. პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.