დიდი შვიდეულის ქვეყნები - ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციური ქმედებების ნეგატიური მოდელის შენარჩუნების გამო
დიდი შვიდეულის ქვეყნები - ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციური ქმედებების ნეგატიური მოდელის შენარჩუნების გამო

დიდი შვიდეულის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციური ქმედებების შენარჩუნების გამო, მავნე ქმედებების, რომლებიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრას, – ამის შესახებ საუბარია სამიტის დასრულებისას გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციური ქმედებების ნეგატიური მოდელის შენარჩუნების გამო. ეს მოიცავს უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსული შეიარაღებული ძალების თავმოყრას, მის მავნე ქმედებებს, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრას, მის მავნე კიბერაქტივობასა და დეზინფორმაციის გამოყენებას. ჩვენ სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებული ქმედებების შედეგად დაზარალდნენ.

მწუხარებით აღვნიშნავთ დასავლეთის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობების გაუარესებას და ხაზს ვუსვამთ დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ვენის კონვენციის დაცვის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს საფუძველს.

ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობებით. ამასთან, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების კოლექტიური შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა წინ აღვუდგეთ და შევაკავოთ რუსეთის ქცევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს. მათ შორის, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის სფეროებში. განვაგრძობთ რუსეთთან ურთიერთქმედებას რეგიონული კრიზისებისა და ისეთი გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, შეიარაღებაზე კონტროლი, განიარაღება და გაუვრცელებლობა, მშვიდობიანი, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და არქტიკაში გარემოს დაცვა“, – ნათქვამია კომუნიკეში.

დატოვე კომენტარი