„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ავღანეთის ნებისმიერ მომავალ მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ავღანეთის ნებისმიერ მომავალ მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ავღანეთთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

განცხადების მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ ავღანეთში არსებული სიტუაციის გამო და ჰუმანიტარული კრიზისის პრევენციისთვის, ასევე ავღანელებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

აქვე, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მხარეებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების, მათ შორის ქალების, გოგონებისა და უმცირესობების ჯგუფების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები „თალიბანს“ განსჯიან ტერორიზმის პრევენციისთვის, აგრეთვე ქალების, გოგონების და უმცირესობების უფლებებისთვის განხორციელებული ქმედებების მიხედვით და „ნებისმიერი მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა, დამოკიდებული იქნება ავღანეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართ მათი მიდგომიდან გამომდინარე“.

განცხადების მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები პარტნიორებთან და ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებენ ტერორიზმთან ბრძოლას და ავღანეთის ნებისმიერ მომავალ მთავრობას მოუწოდებენ, რომ დაიცვას ავღანეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ტერორიზმისგან დაცვა, ყველა ავღანელის უფლებების, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვა, ასევე – არ დაუშვას ნარკოტიკებით და ადამიანებით ვაჭრობა.

გარდა ამისა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ყველა მხარეს ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთვარობის შექმნისკენ მოუწოდებენ, ქალების და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი ჩართულობით.

განცხადების მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები პრიორიტეტად საკუთარი მოქალაქეების და იმ ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციას მიიჩნევენ, რომლებიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ და პარტნიორობას უწევდნენ სამოკავშირეო ძალებს. ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ყველა მხარეს ევაკუაციის პროცესის ხელშეწყობისკენ მოუწოდებენ.