„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება დაგმეს
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება დაგმეს

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ე.წ. რეფერენდუმები, რათა შექმნას ყალბი საბაბი უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსის შესაცვლელად, რომელიც მიმდინარე რუსული აგრესიის სუბიექტია.

„ეს ქმედებები აშკარად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს. ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას სახელმწიფოთა ურთიერთობებში. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ ე.წ. რეფერენდუმებს, რომლებიც როგორც ჩანს, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ დადასტურებულ ანექსიას, თუ ეს მოხდება“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარდა ამისა, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა დაგმეს რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა.