„დიდი შვიდეულის“ ლიდერები პანდემიასთან ბრძოლის გლობალური დეკლარაციის შემუშავებას გეგმავენ
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები პანდემიასთან ბრძოლის გლობალური დეკლარაციის შემუშავებას გეგმავენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები პანდემიასთან ბრძოლის გლობალური დეკლარაციის შემუშავებას გეგმავენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ აქვეყნებს.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები, სამიტის მეორე დღის სპეციალური სესიის ბოლოს დეკლარაციის მიღებას გეგმავენ, რომელშიც წარმოდგენილი იქნება, COVID-19-ის მსგავსი პანდემიით გამოწვეული ზიანის განმეორების პრევენციის გეგმა.

სააგენტოს ინფორმაციით, დეკლარაციაში გაწერილი იქნება პრევენციისთვის აუცილებელი კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის ვაქცინების წარმოება, დაავადების მკურნალობის და დიაგნოსტიკის დროის 100 დღემდე შემცირება, გლობალური ეპიდმეთვალყურეობის ქსელის და გენომის სეკვენციის პოტენციალის გაძლიერება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირების და გაძლიერების ხელშეწყობა.

გარდა ამისა, დეკლარაციაში გაიწერება სხვადასხვა სფეროს საერთაშორისო ექსპერტების, სამთავრობო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენელთა რეკომენდაციები.

ასევე, მიმდინარე დღის ბოლოს, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივი შეთანხმების მიღება იგეგმება,  მილიარდი ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის გამოყოფის თაობაზე.

„დიდი შვიდეულის“ სპეციალური სესიაში გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეისუსიც მიიღებენ მონაწილეობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ვირუსით ინფიცირების მნიშვნელოვნად შესამცირებლად აუცილებელია მსოფლიო მოსახლეობის 70%-ის აცრა, რისთვისაც 11 მილიარდი დოზა ვაქცინაა საჭირო.