„დიდი ოცეულის“ სამიტზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს
„დიდი ოცეულის“ სამიტზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

„დიდი ოცეულის“ სამიტზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერების მიერ ერთობლივ კომუნიკეზე ჩამოყალიბების შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

ანგელა მერკელის განმარტებით, დოკუმენტს 19+1 ფორმატში მიიღებენ. შეთანხმებას გასული წლის მსგავსად, კვლავ გამოეთიშა ამერიკის შეერთებული შტატები.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, შეთანხმება გასულ წელს, ბუენოს-აირესში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე მიღებული დოკუმენტის ანალოგია. მაშინ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით 2015 წელს პარიზში მიღებული შეთანხმების პირობების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2018 წელს ბუენოს-აირესში მიღწეულ შეთანხმებას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეუერთდა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პარიზის შეთანხმება სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს არღვევს.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ამ თემაზე ლიდერები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ და შეთანხმებას ვერ აღწევდნენ, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვდა, რომ შემაჯამებელ კომუნიკეში კლიმატის ცვლილების საკითხი საერთოდ არ შესულიყო. საბოლოოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სხვა ქვეყნების აქტივობა მიიღო, თუმცა თავად შეთანხმებას გამოეთიშა.

კლიმატის ცვლილებასთან ერთად, შემაჯამებელ კომუნიკეში მიგრაციული კრიზისზეც არის საუბარი.  „დიდი ოცეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ისინი გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ.