დიდი ოცეულის მინისტრები - სავაჭრო დაძაბულობა გლობალური ეკონომიკის ზრდას რისკის წინაშე აყენებს
დიდი ოცეულის მინისტრები - სავაჭრო დაძაბულობა გლობალური ეკონომიკის ზრდას რისკის წინაშე აყენებს

სავაჭრო დაძაბულობას შეუძლია გლობალურ ეკონომიკას ძირი გამოუთხაროს – ასეთ დასკვნამდე დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრები არგენტინაში ორდღიანი შეხვედრის შემდეგ მივიდნენ და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

სამიტის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში დიდი ოცეულის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გლობალური ეკონომიკის ზრდას რისკები გაეზარდა. რისკებს შორის დასახელდა მზარდი ფინანსური გამოწვევები, სავაჭრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობა.

ბუენოს-აირესში უქმეებზე გამართულმა დიდი ოცეულის სამიტმა დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. სიტიუაცია კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა ჩინეთიდან აშშ-ში შესული 500 მილიარდი დოლარის იმპორტის სრული მოცულობა ახალი ტარიფით დაბეგროს.

როგორც ცნობილია, თვის დასაწყისში, 6 ივლისს აშშ-მა 34 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინურ იმპორტს ახალი გადასახადი დაუწესა, რასაც ჩინეთმა ეკვივალენტური ღონისძიებით უპასუხა. ანალიტიკოსებმა ეს ნაბიჯი სავაჭრო ომის დასაწყისად შეაფასეს. მას შემდეგ ვითარება თანდათან გართულდა. შტატებმა დამატებით 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური იმპორტირებული საქონლის სია შეადგინეს, რომელზეც ახალი გადასახადი დაწესდება. თანაც, პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირაში ევროკავშირი „სავაჭრო მტრად“ მოიხსენია.

აშშ-ს როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს, და ამ დეფიციტის აღმოფხვრა ტრამპის მთავრი ამოცანაა.

ივნისის თვეში ტრამპის ადმინისტრაციამ 25 და 10 პროცენტიანი გადასახადით ფოლადისა და ალუმინის იმპორტი დაბეგრა. ევროკავშირმა საპასუხო ტარიფები გარკვეულ ამერიკულ პროდუქციას დაუწესა. აშშ ჩინეთისაგან თითქმის ოთხჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე იქით ყიდის. ამიტომ ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ჩინეთი აშშ-ის მიმართ რევანშის ასაღებად ტარიფების გარდა, სხვა საშუალებებსაც გამოძებნის.

შესაბამისად, სავაჭრო დაძაბულობა დიდი ოცეულის სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის ფინანსთა მინისტრი და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ესწრებოდა, მთავარი თემა იყო.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მაირემ განაცხადა, რომ სავაჭრო ომი უკვე რეალობაა და ევროკავშირმა ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკება „შუბლზე მიბჯენილი იარაღის“ ფონზე არ უნდა ჩაატაროს. გარდა ამისა, ლე მაირემ შტატების მიერ ცალმხრივი ტარიფების ამოქმედების გამო, მისი სავაჭრო პოლიტიკა შეაფასა, როგორც „ჯუნგლის კანონებზე დაფუძნებული“.

შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტივენ მნუჩინმა დაიცვა საკუთარი სატარიფო პოლიტიკა და ევროკავშირსა და ჩინეთს მოუწოდა,  თავისუფალ კონკურენციას გაუხსნან ბაზრები. მნუჩინმა ევროკავშირს მიმართა, რომ თუ მას მართლა სჯერა თავისუფალი ვაჭრობის, მაშინ ამერიკა მზადაა მასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ ეს გარიგება აუცილებლად უნდა შეიცავდეს სამ პირობას: მოხსნას როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერი და უარი თქვას ყოველგვარ სუბსიდირებაზე.