„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უმკაცრესად გმობენ
„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უმკაცრესად გმობენ

„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უმკაცრესად გმობენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „დიდი ოცეულის“ წევრთა უმრავლესობა მკაცრად გმობს ომს უკრაინაში. დეკლარაციაში, ასევე აღნიშნულია, რომ ის იწვევს უზომოდ დიდ ადამიანურ ტანჯვას და მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, დეკლარაცია „დიდი ოცეულის“ ყველა წევრმა დაამტკიცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იყო სხვა შეხედულება და განსხვავებული შეფასება არსებულ სიტუაციასთან და სანქციებთან დაკავშირებით.

„დიდი ოცეულის“ ლიდერები დეკლარაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს დაცული, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა დაუშვებელია.

ამასთან, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას.