დიდი ნახტომი სამ წელიწადში - „გონიო” ეროვნული ლიგა 2-ში დაწინაურდა #1TVSPORT
დიდი ნახტომი სამ წელიწადში - „გონიო” ეროვნული ლიგა 2-ში დაწინაურდა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „გონიომ“ ეროვნული ლიგა 3-ის 27-ე ტურში „გარდაბანი” 5:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ვადამდე ადრე მოიპოვა.

ლევან ჯოხაძის გუნდი მეორე ადგილზე მყოფ ტყიბულის „მეშახტეს“ 10 ქულით ასწრებს, პირველობა ფინიშამდე სამი ტურით ადრე გაიფორმა და მომდევნო სეზონიდან ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.

აჭარის კლუბის წარმატება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული შედეგია. „გონიო“ 2021 წელს დაარსდა და სულ რაღაც სამ წელში რეგიონული ლიგის კლუბი მეორე ლიგაში აღზევდა.

კლუბი დავით დოლიძის დაფუძნებულია. „გონიომ“ დღემდე ჩემპიონატებში და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში 104 მატჩი ჩაატარა, მათგან 73 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 21 წააგო.

„გონიოში“ ეროვნულ ლიგაში ნათამაშები ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გამოდის, მათ შორის ლაზარე კუპატაძე, რომელიც სამი წლის წინ ეროვნული ნაკრების კანდიდატი იყო. ასევე რომან ტაკიძე, ოლეგ მამასახლისი, ირაკლი კობახიძე, კახა კახაბრიშვილი, ბექა ვარშანიძე, თენგიზ წიქარიძე, ტატო აბუსელიძე, გიორგი ომარაშვილი, დავით მოწყობილი და დათო კირკიტაძე.