„გონიოს“ დამფუძნებელს პელეს სახელობის სტადიონის აშენება სურს - გუნდის მიზანი საქართველოს თასის ფინალში თამაშია #1TVSPORT
„გონიოს“ დამფუძნებელს პელეს სახელობის სტადიონის აშენება სურს - გუნდის მიზანი საქართველოს თასის ფინალში თამაშია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 4-ში ამბიციური გუნდი გამოჩნდა – „გონიო“, რომლის მიზანიც ეროვნულ ლიგა 3-ში გადასვლა და საქართველოს თასის ფინალში თამაშია.

„საქართველოს საფეხბურთო სამყაროში სენსაციური ამბების დრო დადგა, ჩვენი განვითარება ისტორიულად გრძელდება. „გონიოს“ მიზანი ლიგა 3-ში გადასვლა და თასის ფინალია“, – წერია კლუბის ვებგვერდზე.

„გონიოს“ ფინანსურად ძლიერი პარტნიორი ჰყავს – ბიზნესმენი დავით დოლიძე. გუნდის მთავარ მწვრთნელად ბათუმის „დინამოს“ და ქობულეთის „შუქურას“ ყოფილი დამრიგებელი ამირან გოგიტიძე დაინიშნა, რომელმაც ირგვლივ საკმაოდ ძლიერი გუნდი შემოიკრიბა.

შეთანხმება მიღწეულია რომა ტაკიძესთან, რომელმაც საუკეთესო წლები ბათუმის „დინამოში“ გაატარა, ასევე ითამაშა ქობულეთის „შუქურაში”, ბოლოს კი ქედის „ბეთლემის“ ღირსებას იცავდა – ტაკიძე იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წვერი.

ქობულეთის „შუქურა“ დატოვეს და „გონიოში” ითამაშებენ 22 წლის მცველი დავით სამსონია, 29 წლის ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე, 32 წლის მარჯვენა მცველი მირზა ფარტენაძე და 29 წლის შემტევი ნახევარმცველი ვაკო თევდორაძე. ყველა მათგანს ეროვნულ ლიგაში უთამაშია. კონტრაქტი ასევე გაფორმებულია ახალგაზრდა მცველ დავით მოსიძესთან, რომელიც ბოლო წლებში „ზესტაფონში“ თამაშობდა, იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი.

„გონიო“ ამბიციური კლუბი იქნება. მიზანი ყოველ წელს მაღალ ლიგაში დაწინაურება და საქართველოს თასის ფინალში გასვლა იქნება. ფორმის ფერებიც ავირჩიეთ და ახალი ლოგოც შევქმენით, ხოლო კლუბის ჰიმნი „ნიკოლშოუმ“ დაგვიწერა – „მოდის, მოდის“.

ჩემი ძმა, დიმიტრი დოლიძე 2005-06 წლებში ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა და უცხოურ კლუბში მიიწვიეს, მაგრამ სამედიცინო შემოწმებაზე გულის მცირე პრობლემა აღმოაჩნდა და ფეხბურთს იძულებით შეეშვა. მაშინ 14 წლის ბავშვი ვიყავი, მაგრამ შევპირდი, როდესაც გავიზრდები, გუნდს გავაკეთებ და იქ გათამაშებ-მეთქი. ამიტომ მსურდა, რომ გუნდი ჩამომეყალიბებინა და ჩემი ძმის ოცნება ამეხდინა.

დიმიტრი „გონიოს“ განაცხადში იქნება და ბოლო რამდენიმე წუთი მაინც ითამაშებს. „გონიო“ ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი პროექტია, რომელიც აჭარას და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთს ტალანტების აღმოჩენაში უნდა დაეხმაროს.

დროებით „ანგისას“ ბაზაზე ვითამაშებთ. მომავალში იჯარით გონიოს სტადიონის აღება და მისთვის პელეს სახელის მინიჭება გვინდა – ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ხომ თქვა, ყველა ქვეყანაში პელეს სახელობის ერთ სტადიონი მაინც უნდა იყოსო. თუ არენას გადმოგვცემენ, ფიფა-ს პრეზიდენტის მოწოდებას გონიოში განვახორციელებთ.

ჩვენი გეგმა 2023 წელს ლიგა 3-ში გადასვლაა. მომავალი წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს. თუ გაგვიმართლა, საქართველოს თასის ფინალში გასვლისთვისაც ვიბრძოლებთ და ვინ იცის, იქნებ ეს ტიტული აღვმართოთ. გუნდის შემადგენლობა ამის საშუალებას გვაძლევს, მთავარია, წილისყრამ გაგვიმართლოს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „გონიოს“ დამფუძნებელი დავით დოლიძე.