დიდი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ - კვარაცხელიას ასისტით პსჟ-მა „არსენალი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „არსენალთან“ გასვლაზე საგოლე გადაცემა შეასრულა და „პარი სენ-ჟერმენს“ მოგებაში დაეხმარა – 1:0.

ემირეიტზე“ გამართულ დაპირისპირებაში ქართველი ფეხბურთელი ფრანგების ძირითად შემადგენლობაში იყო და თამაშის დასაწყისშივე თავი გამოიჩინა. მე-4 წუთზე ხვიჩამ საჯარიმოსთან უსმანე დემბელე მონახა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მალე ხვიჩა „არსენალის“ მცველმა ტიმბერმა ხელით შეაჩერა და მსაჯს პენალტის დანიშვნის საფუძველი ჰქონდა, მაგრამ თამაში გააგრძელა.

„არსენალმა“ ტაიმის ბოლოს ზეწოლა გააძლიერა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ შესვენებამდე ფრანგებმა უპირატესობა შეინარჩუნეს, ხოლო პირველი ნახევარში საუკეთესო შეფასება – 8,2 ქულა ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა.

მეორე ტაიმი „არსენალმა“ კარგად დაიწყო და 47-ე წუთზე ესპანელი ნახევარმცველის, მიკელ მერინოს დარტყმით მიზანს მიაღწია. მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ „არსენალის“ შემტევზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.

ხვიჩამ ორჯერ დაარტყა კარში, მაგრამ მიზანს ვერ მოახვედრა. ერთხელ ქართველის წამოწყებული შეტევა ბრედლი ბარკოლამ კარგად ვერ გააგრძელა. ამის შემდეგ კიდევ ერთი შანსი ჰქონდა ბარკოლას, მაგრამ, ისევე როგორ გაბრიელ რამუშმა, მომენტით ვერ ისარგებლა.

პსჟ-მა გასვლაზე 1:0 მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. საპასუხო შეხვედრა 7 მაისს პარიზის „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.