დიდი გამარჯვებებიდან დიდ ჩავარდნამდე - ზუსტად 45 წლის წინ ქართული ფეხბურთის დიდი ეპოქა დაიწყო [ვიდეო]  #1TVSPORT

3 სექტემბერი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია – ამ დღეს დაიწყო თბილისის „დინამოს“ ისტორიული წარმატებების ხუთწლიანი პერიოდი.

1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის „დინამო“ მოსკოვში თასის ფინალში ერევნის „არარატს“ შეხვდა. თბილისელებმა ფინალში მეექვსედ ითამაშეს – 1936, 1937, 1946, 1960 და 1970 წლებში საქართველოს საუკეთესო კლუბმა თასის მოგება ვერ მოახერხა. ნავსი 45 წლის წინ გატყდა.

ანგარიში თავური დარტყმით დავით ყიფიანმა გახსნა, მეორე ტაიმში ვოვა გუცაევის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ფირუზ კანთელაძემ გარდასახა, ხოლო საბოლოო ანგარიში რევაზ ჩელებაძემ დააფიქსირა 3:0 და „დინამომ“ პირველად მოიგო „ბროლის“ თასი.


„დინამო“ – „არარატი“ 3:0


საბჭოთა კავშირის თასის ფინალი

3 სექტემბერი, 1976. მოსკოვი

მაყურებელი: 45 000

გოლები: 1:0 ყიფიანი (27), 2:0 კანთელაძე გოლი (64. პენ.), 3:0 ჩელებაძე (68)

„დინამო“: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, ჩივაძე, მ. მაჩაიძე (კ), ჩელებაძე, გუცაევი, ყიფიანი (წერეთელი 75′), კოპალეიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

„არარატი“: ოვსეპიანი, გევორქიანი, სარქისიანი (კ), მირზოიანი, მესროპიანი, ს. პეტროსიანი, ფარსადანიანი, ოგანესიანი (აზარიანი 89′), კეროპიანი, ნ. პეტროსიანი, ხალაიჯიანი (კაზარიანი, 46)

მთავარი მწვრთნელი: ედუარდ მარქაროვი

მსაჯი: პ. კაზაკოვი (მოსკოვი)

დიდი ხუთწლედის დასაწყისი

თასის მოპოვებით დაიწყო ნოდარ ახალკაცის „დინამოს“ წარმატებული ხუთწლიანი ეპოქა – 1978 წელს მეორედ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1979 წელს თასი მეორედ მოიპოვა, ამ ყველაფრის გვირგვინი უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მოპოვება იყო. მაგრამ იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვა ამბავიც და ისიც 3 სექტემბერს მოხდა – ზუსტად 40 წლის წინ.

მადრიდში, „სანტიაგო ბერნებეუ ტროფი“ გათამაშდა, რომელშიც ორგანიზატორებმა ევროპის ოთხი წამყვანი კლუბი მიიწვიეს მათ შორის თბილისის „დინამო“. პირველ მატჩში, 1 სექტემბერს „დინამო“ ესპანეთის ჩემპიონ მადრიდის „რეალს“ შეხვდა 69-ე წუთამდე შენგელიას დუბლით 2:1 იგებდა, მაგრამ შემდეგ 2:4 წააგო. მეორე ნახევარფინალში გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ ნიდერლანდის ჩემპიონ „ალკმაართან“ 0:1 დამარცხდა და საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „დინამო“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდა.

მესამე წუთზე რამაზ შენგელია „ბაიერნის“ მცველებს გასცდა და ანგარიში გახსნა. გერმანელებმა 24–ე წუთზე, მათი ნაკრების კაპიტნის, პაულ ბრაიტნერის გოლით ანაგრიში გაათანაბრეს 1:1. ნოდარ ახალკაცის გუნდმა დაწინაურება 28–ე წუთზე მეორედ მოახერხა. ვლადიმერ გუცაევმა ორი მცველი ჩამოიშორა და საჯარიმოში მოცელეს. არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც რამაზ შენგელიამ უნაკლოდ შეასრულა – 2:1.

ამ დროს, გერმანელთა ლიდერი ბრაიტნერი მსაჯმა ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი წითელი ბარათი აჩვენა. ასეთივე ბედი ეწია კარლ-ჰაინც რუმენიგესაც, რომელიც ბრაიტნერს გამოექომაგა. მატჩის 43–ე წუთზე კი, ამ ორმა ფეხბურთელმა „ბაიერნი“ მოედნიდან გაიყვანა. თბილისელები მეტოქეს ელოდნენ და ბოლოს დატოვეს სტადიონი, თამაში ჩაიშალა და „დინამოს“ მოგება ჩაეთვალა – 2:1 და მესამე ადგილი მოიპოვა.

მესამე ადგილისათვის განკუთვნილი პრიზის გარდა დინამოელებმა სამი პერსონალური პრიზიდან ორი მიიღეს – ვლადიმერ გუცაევი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ხოლო რამაზ შენგელიამ, რომელმაც ორ შეხვედრაში „რეალს“ და „ბაიერნს“ ოთხი გოლი გაუტანა, საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურა. ტურნირის შემდეგ ვლადიმერ გუცაევს მადრიდის „რეალში“ გადასვლა შესთავაზეს.


დინამო-ბაიერნი 2:1


1981 წლის 3 სექტემბერი. მადრიდი. სტადიონი – „სანტიაგო ბერნაბეუ“.

გოლები: 1:0 შენგელია (3), 1:1 ბრაიტნერი (24), 2:1 შენგელია (28)

„დინამო“: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, სვანაძე, ანდღულაძე, დარასელია, ჟვანია, გუცაევი, შენგელია

მთავარი მწვრთნელი: ნ. ახალკაცი

„ბაიერნი“: იუნგჰანსი, დრემლერი, აუგენშტაილერი, რაინერი, ჰორსმანი, ბრაიტნერი, კრაუსი, დურმბერგერი, სიგურიონსონი, ჰიონესი, რუმენიგე

მთავარი მწვრთნელი: პ. ჩერნაი

მსაჯი: პ. პერესი (ესპანეთი)


ამ ისტორიული მოვლენებიდან შესაბამისად 45 და 40 წელი გავიდა და ქართველი გულშემატკივარი ამ თარიღებს გულნატკენი ხვდება. მიზეზი მხოლოდ საქართველოს ნაკრების კოსოვოსთან წაგება არაა – 2012 წლის 7 სექტემბერს, 9 წლის წინ, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თორნიკე ოქრიაშვილის შედევრი-გოლით ბელარუსი 1:0 დაამარცხა. მას შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე 21-ე შეხვედრა გამართა და ერთი მოგება არ აქვს. დღეს ქვეყნის ეროვნული გუნდი ჯგუფის აუტსაიდერია.