დიდი დიღმის მოსახლეობამ აქცია გამართა
დიდი დიღმის მოსახლეობამ აქცია გამართა

დიდ დიღომში კორპუსებს შორის არსებული სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნების მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ფეხბურთის ფედერაციას გადასცა, არ აშენდეს სტადიონი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 2016 წელს ონლაინპეტიციის გამოკითხვით დადასტურდა, რომ დიდი დიღმის მოსახლეობის უმრავლესობა ფეხბურთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, სტადიონის აშენებისთვის 41 ხე გაიჩეხა და პროცესი მათ არაერთხელ შეაჩერეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, მიუხედავად იმისა რომ 2019 წელს კონკურსის ფარგლებში „შენი იდეა მერს“ ფინალში გასული იდეით აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკი უნდა აშენებულიყო, ამ დროისთვის მათი მოთხოვნა ისევ უგულებელყოფილია. მაცხოვრებლების განცხადებით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან სტადიონის აშენებას, თუმცა ამისათვის სხვა ტერიტორია უნდა გამოიყოს.

„30 წლის განმავლობაში რეკრეაციის ეს ზონა იყო მოქალაქეების მოხმარებაში, რაც ეს მიკრო უბანი დაიგეგმა, ვგულისხმობ, დიდი დიღმის მეორე მიკროს. დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქ აშენდება დახურული ტიპის სტადიონი, რომელიც მოემსახურება კონკრეტულ ჯგუფს და 10 000 მოსახლე დაკარგავს უკანასკნელ გამწვანებულ ზონას. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სტადიონის აშენებას, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული ზონის სანაცვლოდ და უნდა აშენდეს სხვა ტერიტორიაზე. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ვაგროვებთ ხელმოწერებს, ვაპირებთ მივმართოთ ყველა ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობის უფლებებს დაიცავს, ასევე მივმართავთ ეკოლოგიაზე მომუშავე ორგანიზაციებს. მოთხოვნაა, რომ სტადიონის პროექტი გადაიტანონ ალტერნატიულ ტერიტორიაზე“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ელენე მეჩითოვა.