დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით დღეიდან ახალი მარშრუტი ამოქმედდა
დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით დღეიდან ახალი მარშრუტი ამოქმედდა

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი – N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, დიდ დიღომში ავტობუსის ახალი ხაზი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ამოქმედდა.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ავტობუსი დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც გაივლის, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა.

„მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, დღეს დიდ დიღომში ავტობუსის ახალი ხაზი ამოქმედდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მუნიციპალური ავტობუსი კლინიკა „იმედი ”-ს მიმართულებითაც იმოძრავებს, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა. ვფიქრობ, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მერიას, სატრანსპორტო სამსახურს და თითოეულ იმ ადგილობრივ მოსახლეს, ვინც აქტიურად იყო აღნიშნულ პროცესში ჩართული. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მუშაობით, ჩვენ კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“ – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
დეპუტატის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, ახალი მარშრუტების დანიშვნა და თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შემოყვანა მოსახლეობის სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ახალი ავტობუსით ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეორე ავტობაზის უფროსმა, გიორგი მეშველიანმაც იმგზავრა.

N321 ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით 15-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. მოსახლეობას ახალ ხაზზე BMC მარკის 12-მეტრიანი, ოთხი ავტობუსი მოემსახურება.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.