დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კენჭს იყრის
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კენჭს იყრის

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭს იყრის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„გაერთიანებული სამეფო დიდებული ქვეყანაა, თუმცა ჩვენ ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. სწორედ ამიტომ კენჭს ვიყრი, რომ გავხდე კონსერვატიული პარტიის ლიდერი და თქვენი მომავალი პრემიერ-მინისტრი. მსურს, გამოვასწორო ჩვენი ეკონოიკა, გავაერთიანო პარტია და დავეხმარო ჩვენს ქვეყანას“, – დაწერა რიში სუნაკმა.

ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, სექტემბერში კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაში რიში სუნაკი შიდაპარტიულ არჩევნებში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა დაამარცხა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე 45 დღის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, გასულ კვირას ლიზ ტრასმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმავ საკუთარი კანდიდატურა პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა, თემთა პალატის ლიდერი პენი მორდონტია. კენჭისყრას სავარაუდოდ გეგმავს ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც. კანდიდატურების წარდგენის ვადა 24 ოქტომბერს იწურება.