დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი აცხადებს, რომ კირ სტარმერის მთავრობას „თანმიმდევრული გეგმა“ არ აქვს და ბიზნესის განვითარებას აფერხებს

15:10, 27.05.2026

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი აცხადებს, რომ კირ სტარმერის მთავრობას „თანმიმდევრული გეგმა“ არ აქვს და ბიზნესის განვითარებას აფერხებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერი საუბრობს წერილში სახელწოდებით – „ლეიბორისტული პარტია ცეცხლს ეთამაშება საკუთარი და ქვეყნის მომავლის გამო“.

როგორც ბიბისი“ წერს, ვრცელი წერილი ტონი ბლერის მიერ კირ სტარმერის მთავრობის პირველი საჯარო კრიტიკაა.

ბლერის მხოლოდ სტარმერის გადადგომა და მისი ახალი ლიდერით ჩანაცვლება ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის.

„მთავრობის მთავარი პრობლემა მხოლოდ კირის პიროვნება არ არის, ან „ჩვენი მიღწევების“ კომუნიკაციის უუნარობა, ან ლეიბორისტული პარტიის „ღირებულებების“ უფრო ძლიერად დამკვიდრების აუცილებლობა. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არ გვაქვს შემუშავებული თანმიმდევრული გეგმა ქვეყნისთვის სწრაფად ცვალებად სამყაროში და არასწორ პოლიტიკურ პოზიციაში ვართ.  მთავრობა მართავს არსებითად ტრადიციული ლეიბორისტული „რბილი მემარცხენე“ პოზიციიდან, რომელიც მყარად იმყოფება პარტიის კომფორტის ზონაში“, – წერს ბლერი.

ამასთან, ბლერი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთი მოუმზადებელია ორი მთავარი გამოწვევისთვის – გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და ხელოვნური ინტელექტის რევოლუციისთვის. მისი თქმით, ქვეყანამ უნდა გააძლიეროს ეკონომიკა, ტექნოლოგიური სექტორი და თავდაცვა.

„ხელოვნური ინტელექტი შეცვლის ყველაფერს – ეკონომიკას, სახელმწიფო მმართველობას, სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებას. ქვეყნები, რომლებიც ამ ტექნოლოგიურ რევოლუციას ვერ მოერგებიან, ჩამორჩებიან, ხოლო ვინც სწორად გამოიყენებს, მომავალში ლიდერები გახდებიან“, – განაცხადა  ყოფილმა პრემიერმა.

ტონი ბლერმა ასევე აღნიშნა, რომ „ბრექსიტმა“ როგორც ბრიტანეთი, ისე ევროპა დაასუსტა და ლონდონს ევროკავშირთან უფრო სტრუქტურირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება სჭირდება.

ცნობისთვის, ტონი ბლერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1997-დან 2007 წლამდე იკავებდა.

მსგავსი